ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროგრამის - „ინსტიტუციური ცვლილება და სოციალური პრაქტიკა. ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევა“ - ფარგლებში, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი ახორციელებს კვლევას თემაზე - „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში - მიმდინარე გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“.
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, ბილეფელდის, ბერლინის, იენის უნივერსიტეტებისა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენცია, საზაფხულო/საზამთრო სკოლა, სასწავლო კურსი, სემინარი და სამეცნიერო-კვლევითი მივლინება საქართველოში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.
გერმანულ-ქართულ სისხლის სამართლის მესამე სამეცნიერო-კვლევით პროექტს ხელმძღვანელობენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი დგებუაძე და იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ედვარდ შრამი.